ინტერვიუ: ,,ჩვენი კულტურა და აგრესია”

Written by admin. Posted in ბლოგი, სტატია

 

კაცობრიობის ისტორია, ძირითადად, მუდმივი ომების,  კონფლიქტებისა  და ერთმანეთის განადგურების  ისტორიაა, რომელსაც პერიოდულად ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრება   ენაცვლებოდა.  სამყაროს  განვითარებასთან ერთად, სამწუხაროდ, იზრდება აგრესიის გამოვლინების დონეც, რასაც ბოლო დროს, ჩვენს ქვეყანაში ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობის მომატებაც ადასტურებს. რა განაპირობებს  ამ ფაქტს, სად  გადის  ადამიანებისთვის წონასწორობის ხაზი სისასტიკესა და ჰუმანიზმს შორის  და  აგრესიის  შემცირების  რა მეთოდები არსებობს, ამაზე  ფსიქოკონსულტანტი გიორგი დონაძე გვესაუბრება.

ის ადამიანები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ   ევროპის სხვადასხვა ქვეყანებში უფრო ნათლად ხედავენ, რომ  ჩვენთან საზოგადოება ბევრად აგრესიულია. ეს ყველაფერში გამოიხატება: მზერაში, გამომეტყველებაში, ჟესტიკულაციაში, საუბრის ტონშირაზე მეტყველებს ფაქტი, როცა ადამიანი თავის აზრის  ხმამაღალი  ინტონაციითა და  მაინცდამაინც მტკიცებითი ფორმით გამოხატვას ცდილობს?

ეს ხშირად ჩვენი არასრულფასოვნების კომპლექსის  და  ინფანტილიზმის გამოხატულებაა. არ ვართ შინაგანად  თავისუფალნი. გვინდა ვიყოთ, მაგრამ არ ვიცით, როგორ. თვისუფლება ზნეობრიობის უმაღლესი კატეროგორია, რაც  იმას გულისხმობს, რომ პირველ რიგში,  საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. არასრულფასოვნების კომპლექსი და  პიროვნული აშლილობის მოდელია მიზეზი იმისა, რომ   მუდმივად ასეთი ფორმით ვცდილობთ ჩვენი აზრის გამოხატვას და ამით იმის დამტკიცებას, რომ მაგრები ვართ. არსებობს ინდივიდუალური და კოლექტიური საზოგადოებები. ინდივიდუალურში ადამიანი თავის ქცევაზე აგებს პასუხს, კოლექტიურში კი  სხვების აზრს  ითვალისწინებს. ჩვენ მეორე ტიპისკენ  ვიხრებით, მაგრამ ბოლომდე  კოლექტიურნი რომ ვიყოთ, ამდენად აგრესიულები არ ვიქნებოდით ერთმანეთის მიმართ.  საქართველოში  დაბალი სოციალური  ფონია, რასაც თან სდევს დაძაბულობა და  ქაოსი,  რაც   იწვევს ადამიანის ფრუსტრაციას (იმედგაცრუების მდგომარეობა). ფრუსტრაციიდან აგრესიამდე კი ერთი ნაბიჯია.

არის ეთნოსები, სადაც ხმამაღალი საუბარი, რომელიც, როგორც წესიჩხუბში გადაიზრება ხოლმე,   ტაბუირებულია. ჩვენთან ამას არ ერიდებიან. არსებობს თუ არა ძალადობის შედარებითი სტატისტიკა ჩვენთან და უცხოეთშიმართლა ასეთი უკონტროლოები ვართ თუ ტყუილად მოვთქვამთ?

მსგავსი  სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ მათთან შედარებით ზედმეტად ექსპრესიულები ვართ, ხმამაღლა ვსაუბრობთ და  დისტანციას არ ვიცავთ  ურთიერთობაში.   ქალისა  და მამაკაცის მიერ გამოვლენილი აგრესიული ქცევის მიხედვით  ჩვენს ქვეყანასა  და უცხოეთს თუ შევადარებთ, დავინახავთ, რომ უფრო ხშირად ფიზიკურ აგრესიას  მამაკაცი ავლენს . ეს  ძალიან კულტურულია, ჩვენთან წახალისებულია მსგავსი  ქცევა, არავინ არ გმობს და იმიტომ. ანუ ფიზიკურ აგრესიაში კაცი დომინირებს, მაგრამ ვერბალურ აგრესიაში განსხვავება არ არის, უფრო მეტიც, ჩვენთან ქალი ზოგჯერ ამეტებს კიდეც.  მამაკაცს ფიზიონომიაში  ისეთი ჰორმონის  არსებობა, როგორიცაა ტესტესტერონი,   აგრესიის  დონეს ზრდის .  ზოგადად, კარგი იქნება თუ გავიაზრებთ, რომ   ჩვენს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი  ჩვენივე  უმოქმედობის ბრალია. ჩვენ გვეკისრება უმთავრესი პასუხისმგებლობა იმაზეც, რომ საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ვახერხებთ. მთავარია, გავიგოთ, რა გვინდა, რისი რესურსი გვაქვს და რა მიმართულებით შეგვიძლია მისი გამოყენება.  მოქმედების  მიზანი ფულის შოვნა არასდროს არ უნდა იყოს.  ის კარგი საშუალებაა, რომ ჩვენი მატერიალური მოთხოვნილებები დავიკმაყოფილოთ, მაგრამ ვერაფრით ჩაანაცვლებს ცხოვრების მთავარ აზრს. სხვათა შორის, ლევ ტოლსტოიმ, რომელიც დიდგვაროვან ოჯახში დაიბადა და  სიცოცხლის  ბოლომდე ფინანსურად უზრუნველყოფილი იყო, თავის მოკვლა სცადა, სწორედ იმიტომ, რომ ცხოვრების საზრისი დაკარგა, რომელიც უპირველესად ოჯახთან  და სხვა სულიერ ღირებულებებთან ასოცირდება. ესაა იმის მიზეზიც, რომ  ეკონომიურად და ტექნოლოგიურად კარგად განვითარებული ქვეყნებისთვისაც ისევეა დამახასიათებელი  სუიციდი და აგრესია, როგორც განვითარებადი ქვეყნებისთვის. ფროიდის აზრით, სიყვარული და შრომაა ადამიანურობის ქვაკუთხედი. რეალიზებული ადამიანი, რომელსაც სხვა ადამიანებთან სიყვარული აკავშირებს, ნაკლებად აგრესიულია.

სიყვარული და  ოჯახი ახსენეთ..  ქვეყანაში, სადაც განსაკუთრებული მონდომებით ამბობენ  დედისა და ზოგადად ქალის სადღეგრძელოს, ბოლო რამდენიმე  თვის განმავლობაში  ქმრების  ან ყოფილი  ქმრების  მსხვერპლი ქალების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა..

დიახ, ხშირად  კაცი  ვერ ახერხებს საკუთარი თავისა და ემოციების მართვას, ცნობიერება გათიშულია, ემოცია წინ უსწრებს გონებას,  ტვინი ისეთი აგზნებულია, რომ მზად არის მოკლას ადამიანი, რომელიც ხშირ შემთხვევაში  საკუთარი შვილების დედაა.  ამის მიზეზი შეიძლება იყოს ოჯახში   მათ შორის    როლების არათანაბარი გადანაწილება. კაცის ფუნქცია დაიკარგა და ძირითადად  დომინანტი  ქალია, რადგან  ფინანსურად სწორედ ის უზრუნველყოფს ოჯახს და შესაბამისად   მეტ რესურს ფლობს. ჩემი დაკვირვებით  ქმედებების უმეტესობა ალკოჰოლური თრობის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არის ჩადენილი. ესეც რეალობისგან გაქცევის ფორმაა ერთგვარი, რომელსაც ფუნქცია დაკარგული მამაკაცი ძალადობრივი ქცევით ცდილობს.  ადამიანების უფლებები სქესის განურჩევლად უნდა დავიცვათ და ერთმანეთის როლებს პატივი  ვცეთ.  სოციალურად დაუცველ  ოჯახებში  კონფლიქტის წყარო ძირითადად  მატერიალური გასაჭირია. რა თქმა უნდა,  ფინანსები ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს, მაგრამ მთავარი  მიზეზი მაინც     ცოლ-ქმარს  შორის სწორი კომუნიკაციის არარსებობაა.  იმედგაცრუება, რომელსაც ერთმანეთის მიმართ განიცდიან, კონფლიქტს განაპირობებს. ჩხუბის დროს მტკივნეულ ადგილზე  ფეხის დაბიჯება კი  ხშირად  ისედაც არასტაბილური ემოციური მახასიათებლის  მქონე პიროვნებებთან აგრესიული ქცევის და ფატალური შედეგის, მკვლელობის, მაპროვოცირებელი ხდება ხოლმე.

მკვლელობის წინაპირობა, ალბათ, ფიზიკური ძალადობაა. ქალებს რატომ არ უჩნდებათ პროტესტის გრძნობარატომ ცხოვრობენ მოძალადესთან იქამდე, სანამ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება? რატომ არ სურთ თავიანთ პრობლემას ფატალური შედეგის დადგომამდე გაუმკლავდნენ?

ამის ბევრი მიზეზი და წინაპირობები არსებობს: პირველი ის არის, რომ საზოგადოება ძირითადად მას  ადანაშაულებს და ბოლომდე ვერ  იღებს  ოჯახ დანგრეულ ქალს. საბედნიეროდ, ეს სტერეოტიპი ნელნელა ინგრევა.  მეორე ფაქტორი შიშია. სამართალდაცავებთან ძალადობის შესახებ რომ განაცხადოს და შესაბამისი მხარდაჭერა  ვერ მიიღოს,  უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. მესამე  ამბივალენტური დამოკიდებულებაა ხშირად ერთდროულად უყვარს და სძულს მოძალადე, რომელიც მას და მის შვილებს ფინანსურად უზრუნველყოფს.  გაუნათლებლობა, ინტელექტის დაბალი დონე და არაინფორმულობაც ხშირად ხდება იმის მიზეზი, რომ ქალმა მოძალადისგან თავის დახსნაზე არ იზრუნა და ინერციით გააგრძელა სიცოცხლე.  საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას  სხვისი ცხოვრება იქამდე ეხება და აინტერესებს, სანამ   უშუალოდ მისი ქმედების დრო არ მოვა.   ძალიან აქტიურები ვართ  იმის განხილვაში , რაც  მართლა  არ  არის ჩვენი  საქმე, მაგრამ იქ, სადაც  კონკრეტული ქცევაა განსახორციელებელი და  საპასუხისმგებლო აქტია შესასრულებელი, ინფანტილურები ვხდებით. არ მოგვდეს ძალა, უნარი და გონიერება, რომ სწორად ვიმოქმედოთ. შეიძლება  მხარს არ ვუჭერთ  ქალების   მიმართ ძალადობას,  მაგრამ არც არაფერს  ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს აღვკვეთოთ. უმოქმედობა კი მომხდარის   ირიბი მხარდაჭერაა. მაგალითად,  ამერიკაში, კალიფორნიის შტატში ასეთი ფაქტი დაფიქსირდა: დაახლოებით 40 ადამიანი უყურებდა საკუთარი სახლის ფანჯრებიდან ,  როგორ სცემდნენ ქალს, მაგრამ  არავინ   ჩაერია. მხოლოდ მისი  სიკვდილის შემდეგ გავიდნენ ქუჩაში.  საქმე ისაა, რომ იმ ქვეყანაში    დიდად ისედაც   არ  აინტერესებთ, რა ხდება სხვის ცხოვრებაში . ჩვენ  კი  უაპელაციოდ ვერევით, მაგრამ ძალადობის ფაქტის შემსწრენი  ხელებს ვიბანთ და ამის გასამართლებლად  მყარი  არგუმენტიც  მოვიფიქრეთ: ,,ჩვენ არ გვეხება, რადგან  ეს მხოლოდ ოჯახის საქმეაო”.

ტოტალურმა  აგრესიამ     მსოფლიოს თითქმის  ყველა ქვეყანა მოიცვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალადობა   ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია?  რატომაა ადამიანი აგრესიული?  რატომ შეუძლია სხვას ზიანი მიაყენოს?

აგრესია, რომელიც  დაბრკოლებების დაძლევაზეა  ორიენტირებული,  ყველა ადამიანში ბუნებრივად არსებობს,  მაგრამ ერთი და იგივე ემოცია შეიძლება ორ პოლუსად იყოს განხილული. ის, რაც ჩვენში ბუნებრივად არსებობს, ნაკლებად შესაძლებელია,  ზიანის მომტანი იყოს იქამდე, სანამ  არასწორად  არ განვითარდება  და ასოციალურ ფორმებში  არ გამოიხატება.  თავისთავად აგრესია, რომელიც საფრთხის თავიდან აცილების მოთხოვნილებას, შეჯიბრს ან   გარკვეული მიზნის მისაღწევ ინსტრუმენტს წარმოადგენს   მისაღებია, მაგრამ აგრესიული ქცევა,  რომელიც ვნებას აყენებს სხვას_მიუღებელი. აგრესია ენერგიაა, რომელიც თუ არ განიმუხტა, ადამიანი ან სხვას აყენებს ზიანს ან საკუთარ თავს. სუიციდიც აგრესიის ერთ-ერთი სახეა, რომელიც  ყველაზე დესტრუქციულ  ქცევად შეიძლება ჩაითვალოს.

ანუ აგრესიულობის იმპულსები თანდაყოლილია და ამავე დროს   გამოცდილებით შეძენილი ?

თვითონ ენერგია თავიდანვე  არსებობს ჩვენში . თითქმის  ყველა ქმედება, მათ შორის  ისეთი  უწყინარიც კი, როგორიც დაბადების პროცესია. გააჩნია რა მიმართულებით   განვავითარებთ  ამ ენერგიას.

რა საშუალებებით უნდა ვმართოთ აგრესია და სახელწიფომ  რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ჩვენს ქვეყანაში მის შესამცირებლად?

პირველ რიგში,   სახელმწიფომ განათლების სფეროდან უნდა დაიწყოს ამ პრობლემასთან გამკლავება. მნიშვნელოვანია, რომ  სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები.  სკოლებში უნდა დაინერგოს აგრესიის მართვის გაკვეთილები და მოიძებნოს ისეთი ჩამნაცვლებლები, როგორიც სპორტული შეჯიბრება, ბანაკების მოწყობა და სხვა მსგავსი ღონისძიებებია. აუცილებელია, ფსიქოლოგები უფრო აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში და მასწავლებლებს და მშობლებსაც  მიეცეთ საშუალება აქტიურად იყვნე  ჩართულნი ამ პროცესში. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ადამიანმა თავი იგრძნოს ადამიანად, თუმცა,   აგრესიულ ფაქტებზე  ადეკვატური რეაქციები აუცილებელია.  აგრესორმა უნდა იცოდეს, რომ მისი ქმედების გამო მკაცრად  დაისჯება. ამის პარალელურად სახელმწიფო პროსოციალური ქცევის წახალისებაზე უნდა  იყოს  ორიენტირებული.  ევროპაში წახალისება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დასჯა,მაგრამ ეს  იმას სულაც არ ნიშნავს, რომ   ანტისოციალური ქცევა სათანადოდ არ  ისჯება.

ესაუბრა ჟურნალისტი : ნათია არსენიშვილი 

 

Tags: , , , , ,

Trackback from your site.

Leave a comment

PageRank Push 2 Check
All Rights Reserved@2011-2012. შეცვალე შენი ცხოვრება Change.ge