ზიგმუნდ ფროიდი და ,,დაცვითი მექანიზმები”

Written by admin. Posted in ბლოგი, სტატია

დასაწყისი

დაცვითი მექანიზმი  წარმოიქმნება გარკვეულ სიტუაციაში, სიტუაცია წარმოიქმნება კონკრეტულ დროში. რა თქმა უნდა დრო, ეპოქა განსაზღვრავს სიტუაციის არსს და სახეს. დროში, გარემოში ამა თუ იმ სოციალურ-კულტურულ ფონზე ყალიბდება ინდივიდი. სხვადასხვა კულტურისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა ფასეულობები, და რაც ერთი ხალხისათვის კულტურაა სხვა ხალხისათვის შეიძლება დიდი უზნეობა იყოს. ის რითაც ერთი ამაყობს, მეორესთვის შეიძლება სასირცხვილო იყოს, მაგრამ ადამიანში არის ორივე ტენდენცია, შესაბამისად არჩევანს საბოლოო ჯამში თვითონ აკეთებს. განვიხილოთ რამოდენიმე წირითადი დაცვით მექანიზმი: 

განდევნა

განდევნას ფროიდი განმარტავდა როგორც – ეგოს პირველად დაცვით რეაქციას, რადგან, ის წარმოადგენს შფოთვისაგან ერთგვარი პირდაპირი გზით განტვირთვის საშუალებას. ასევე განდევნა უდევს საფუძვლად უფრო რთულ დაცვითი მექანიზმების წარმოქმნას.

ცნობიერებიდან განიდევნება ნეგატიური ხასიათის ემოციები, ფიქრები, ლტოლვები, ობიექტური რეალობა, ანუ ის რაც აღაშფოთებს ადამიანს. განდევნას მოტივირებულ დავიწყებასაც უწოდებენ.

განდევნის შედეგად ადამიანები ვეღარ აცნობიერებენ შფოთვის მომგვრელ კონფლიქტებს, ავიწყდებათ მატრავმირებელი წარსული გამოცდილება.

იმისათვის რომ არ გაცნობიერდეს განდევნილი მასალა, ეგოს მუდმივად სჭირდება ენერგიის ხარჯვა მის არაცნობიერში შესაკავებლად. რამდენადაც ძლიერია განდევნილი ლტოლვა თუ კონფლიქტი, იგივე სიძლიერის ენერგიის დახარჯვა სჭირდება ეგოს მის არაცნობიერში შესანარჩუნებლად. თუმცა რამდენადაც განდევნილი მასალა მუდმივად მიილტვის გაცნობიერებისაკენ, ის ხშირად ვლინდება სიზმრებში, ხუმრობებში, წარმოდგენებში და ყველა იმ გამოვლინებაში, რასაც ფროიდმა უწოდა ,,ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია.” განდევნილი მასალა ხშირად ვლინდება ფსიქოსომატური დაავადებების სახით, ასევე ფსიქოსექსუალური დარღვევების სახით. აქ ადგილი აქვს ბავშვობაში სხვადასხვა მიზეზებით სექსუალური შინაარსის ლტოლვების განდევნას და შედეგად დაცვითი მექანიზმების სახით ფსიქიკური იმპოტენციის, ფრიგიდულობის, პერვერზიების და ინვერზიების წარმოქმნას.

არასასურველი ინფორმაცია განიდევნება მაშინ, როდესაც ადგილი აქვს კოგნიტურ დისონანს – ორი კონცეფციის შეუთავსებლობას: ერთი ის, რაც სუბიექტმა იცის საკუთარ თავზე, მეორეს მხრივ – ის, რომ გარემოდან გრძნობს სრულიად საწინააღმდეგოს და გამოიხატება შემდეგში: მას აქვს მაგალითად არაცნობიერი სურვილი, რომ გოგონას/ბიჭს შეხვდეს, მაგრამ იცის, რომ ეს ურთიერთობა ,,დაისჭება’’. დისონანსის რეზულტატს წარმოადგენს ფსიქოლოგიური დისკომფორტი, დაძაბულობა, რომელიც მოითხოვს განტვირთვას, რომელიც მიიღწევა არასასურველი ინფორმაციის იგნორირების გზით, რომელიც ცნობიერების პერიფერიებში განიდევნება.

პროექცია

ეს დაცვითი მექანიზმი პირდაპირ მოსდევს განდევნას, რადგან განდევნილი საკუთარი მიუღებელი სურვილები, ფიქრები თუ გრძნობები მიეწერება სხვას. ანუ ხდება სხვაზე პროეცირება. ამრიგად პროექცია ადამიანს საშუალებას აძლევს თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა. საკუთარი წარუმატებლობის მიზეზი დაინახოს სხვა ვინმეში ან რამეში. პროექციის გამოვლენაა – სტუდენტი, რომელმაც ვერ ჩააბარა გამოცდა (თუ ობიექტურად ჩატარდა) და ლექტორს ადანაშაულებ, რომ მან ობიექტურად ვერ შეაფასა მისი ნაშრომი. პროექციის მაგალითებია ასევე – გოგონა, რომელსაც ჰგონია, რომ ყველა ბიჭი მასზე გიჟდება, სინამდვილეში ვერც წარმოიდგენს, რომ თვითონ მას მოსწონს ყველა ბიჭი და თავის სექსუალური იმპულსების პროეცირებას ახდენს ბიჭებზე; ან შუახნის ქალი მკაცრი სუპერეგოთი(მორალი, სინდისი), რომელიც არც ერთ კაცს არ უყურებს და ყველა ქალი, რომელიც მეზობელ კაცს დაემგზავრება ამორალური საქციელის ეჩვენება.

ჩანაცვლება

როდესაც ენერგია იხარჯება პირდაპირი გზით ტრანსფორმირების გარეშე, იქნება ეს ლიბიდოს(სექსუალური ინსტიქტი,ენერგია) თუ თანატოსის(სიკვდილის, ნგრევის იმსტიქტი) ოღონდ ჩანაცვლებულ ობიექტებზე ან სუბიექტებზე, საქმე გვაქვს დაცვით მექანიზმთან, რომელსაც ჩანაცვლება ეწოდება.

როდესაც ადგილი აქვს ჩანაცვლებას, აგრესიული იმპულსები მიმართული ერთი ობიექტის ან პიროვნებისაკენ გადაინაცვლებენ მეორე ნაკლებად სახიფათო ობიექტის ან პიროვნებისაკენ. ამასთან დაკავშირებით საკმაოდ მრავლად შეიძლება მაგალითების მოყვანა; როდესაც ერთზე გაბრაზებული მეორეზე იყრის ჯავრს, სახეზეა ჩანაცვლება. როგორც წესი, ჩანაცვლებული ობიექტი თუ პიროვნება ინდივიდს საფრთხეს არ უქმნის განსხვავებით იმ ობიექტის თუ პიროვნებისა, ვის მიმართაც იყო იმპულსი.

მაგალითად: სამსახურში უფროსზე გაბრაზებული დედა ბრუნდება სახლში და მცირედ პროვოკაციაზე ეჩხუბება ბავშვს.

მოსწავლე გამოცდების მერე რომ ხევს სასწავლო წიგნს, ეს განასახიერებს იმ მასწავლებლის სიმბოლურ ,,მკვლელობას”, რომელსაც მთელი წელი სიტყვას ვერ უბრუნებდა. წიგნი ამ შემთხვევაში ჩანაცვლებული ობიექტია, რომელზეც დაიხარჯა მასწავლებლისკენ მიმართული აგრესია.

მასწავლებელი ეჩხუბება ბავშვს იმიტომ, რომ არის ასეთი ზარმაცი, უქნარა, უზრდელი, უკულტურო… ბავშვი რა თქმა უნდა სიტყვას ვერ უბრუნებს, მაგრამ აგრესია გროვდება. რომ გაიზრდება თუ თვითონაც გახდა მასწავლებელი, გაიმეორებს ქცევის იგივე მოდელს. აგრესიას ისიც დაცლის ბავშვებზე. ის ბავშვებიც რომ გაიზრდებიან, გააგრძელებენ ქცევის იგივე მოდელს და ა.შ.

ჩანაცვლებაა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მარტოხელა ქალი უვლის ძაღლს, ან კატას და აცხადებს, რომ ადამიანები არ იმსახურებენ სითბოს და სიყვარულს. როგორც ჩანს, წარსულში ქონდა იმედგაცრუებები და ადამიანებს ჩაანაცვლა ცხოველი. ჩანაცვლების დროს ლიბოდოს და თანატოსის ენერგია იხარჯება ჩანაცვლებულ ობიექტზე. რაც უფრო მეტად უყვარს ადამიანს ჩანაცვლებული ობიექტი არაცნობიერად, მით მეტად უნდა მისგან გათავისუფლება, რომ თავი დააღწიოს მის ფსიქოლოგიურ მორჩილებას. მაგ: დიასახლისს სწორედ ის ვაზა შეიძლება გაუტყდეს, რომელიც ყველაზე ძალიან უყვარს; კაცი, რომელიც დიდხანს აგროვებს ძვირადღირებული მანქანისთვის ფულს და იყიდის, ძალიან მალე შეიძლება დაამტვრიოს. იგივე ხდება ადამიანებზე. ფუფალამ თავისი ლიბოდოზური ენერგია მიაჯაჭვა შიოლას (თუმცა ფანტაზიის ნაყოფი იყო), რომელსაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ბრძოლის ველზე სიკვდილით.

ყველასათვის კარგად ცნობილი მაგალითია ოტელო, რომელიც კლავს საყვარელ ცოლს დეზდემონას.

ასეთი სიყვარული ადამიანს ამყოფებს ტყვეობაში, რაც სიმშვიდის გრძნობა ნამდვილად არ არის. აქ აშკარაა შფოთვა. შფოთვას კი განტვირთვა ესაჭიროება. აქ სიყვარულს სიძულვილი ენაცვლება. ,,სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია”.

ჩანაცვლებული ობიექტი შეიძლება იყოს საკუთარი თავი. ამ შემთხვევაში სახეზეა ავტოაგრესია, ან აუტოეროტიულობა ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით. ორივე შემთხვევა სავალალოა.

რეგრესია

რეგრესიას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც განვლილ ეტაპზე ხდება ,,დაცურება’. ამ დროს ადამიანი ბრუნდება უკვე განვლილ პერიოდში, რაც გამოიხატება მისი აზროვნების და ქცევის  მოდელებით, რომელიც შეესაბამება ხშირად ბავშვობის ხანას. რადგან ბავშვობა  ხშირ შემთხვევაში განიცდება, როგორც  უსაფრთხო  და დაცული პერიოდი, ამ დროს ის ამ ქცევით გაურბის მისთვის საფრთხის შემცვლელ სიტუაციას,  დროებით აფარებს თავს.  ზრდასრული ადამიანი, რომელიც ბავშობაში ხშირად იღებდა ყურადღებას იმის გამო, რომ ის ავად ხდებოდა ანალოგიურ ქცევას მიმართავს, როცა მას ყურადღება მოაკლდება. ასევე ახასიათებთ რეგრესიული ქცევა ხანშიშესულებს, დახოხავენ   ძირს, ბავშვდებიან, ისინი ამ ქცევით  ცდილობენ კვლავ დაბრუნდნენ ,,ბავშობაში;’  განვლილ ეტაპზე. ამის მაგალითი კარგად არის გადმოცემული  ინგრიდ ბერგმანის ფილმში: ,,მარწყვის მდელო”.

ირაციონალიზაცი

ეგოს ერთ-ერთი დაცვითი მექანიზმია რაციონალიზაცია. ამ დროს ინდივიდი ამახინჯებს რეალობას და წარმოადგენს ისეთი სახით, რომ არ შეელახოს თვითშეფასება. რაციონალიზაცია მიმართულია არა პრობლემების მოგვარებაზე, არამედ ,,ლოგიკური’’ მსჯელობებით შფოთვის მოხსნაზე. ამის მაგალითს წარმოადგენს აბიტურიენტი, რომელიც ვერ მოეწყო სამედიცინო ინსტიტუტში და აცხადებს, რომ სინამდვილეში მას არ სურს იყოს ექიმი; ან მძღოლი, რომლის მანქანაც ვერ ავითარებს მაღალ სიჩქარეს და აცხადებს, რომ ჩქარი სიარული ავარიებს იწვევს.

ნარკომანის და ლოთის მტკიცებით ,,წამალი და ალკოჰოლი” წმენდს სისხლს და მხოლოდ ამიტომ სვამენ, ან იყენებს ნარკოტიკს.

რაციონალიზაციის დროს ყველაფერი სხვისი ბარალია. ობიექტი ყოველთვის მართალია.   რაციონალიზაციის საშუალებით ადამიანი ამართლებს თავის არასწორ მოქმედებას, შეცდომას, უმოქმედობას.

რეაქტიული წარმონაქმნი

მიჩნეულია რომ რეაქტიული წარმონაქმნის გამოვლენა ინიცირებულია სურვილსა და აკრძალვას შორის კონფლიქტით. აკრძალული იმპულსებისაგან ეგოს თავის დაცვის ერთ-ერთი საშულებაა საწინააღმდეგო მისწრაფების გამოვლენა ქცევაში და ფიქრში. ამ დროს პიროვნება იქცევა სურვილის საწინააღმდეგოდ. ცენზურა კრძალავს სურვილზე ფიქრსაც კი. ის მთლიანად მომართულია განდევნოს სურვილი. გახანგრძლივებული კონფლიქტი სურვილსა და სუპერეგოს(სინდისი, მორალი) ცენზურას შორის აღვიძებს შიშს, რომ სოციალურად მიღებულ ნორმებს შეესატყვისება.

რეაქტიული წარმონაქმნის შედეგად ქცევა იცვლება აბსოლიტურად საწინააღმდეგო მოქმედებით. ამ დროს ობიექტი შენარჩუნებულია, იცვლება ობიექტის მიმართ დამოკიდებულება: სიყვარული სიძულვილით და პირიქით.

რეაქტიული წარმონაქმნის დროს მიმართება თვალში საცემია  – ქცევა გადამეტებულია და მოუქნელი. მამაკაცი რომელიც მუდმივად ლანძღავს ჰომოსექსუალისტებს, სინამდვილეში ის თავის თავში ებრძვის ჰომოსექსუალურ ტენდენციებს. ქალი რომელსაც აქვს დაუძლეველი სექსუალური ლტოლვები წარმოსდგება მორალის უდიდეს დამცველად: შვილი რომელიც დაიღალა მოხუცი მშობლების მოვლით, მათ მიმართ იჩენს გადამეტებულ ყურადღებას ხალხში რომ კარგი გამოჩნდეს და აკეთებს ამის აფიშირებას – ვერბალურად თუ ქცევის დონეზე.

უარყოფა

როცა ადამიანი ვერ იჯერებს იმას რაც აშკარად მოხდა აქ საქმე გვაქვს უარყოფასთან.

როდესაც ადამიანი დაცვით მექანიზმად იყენებს უარყოფას მაშინ მას არ სჯერა რომ ის არის ავად. უარს ამბობს მკურნალობაზე და ცხოვრებას აგრძელებს ჩვეულ რითმში. ქალს არ სჯერა რომ ქმარმა მიატოვა და ყოველდღე ელოდება. ქმარს არ სჯერა რომ ცოლი ღალატობს. დედა ვერ იჯერებს რომ მისი შვილი კრიმინალია, ანუ რომ ყურადღება და ზრუნვა დააკლეს თავისი სიყვარულის ობიექტს.

უარყოფას ზრდასრული ძლიერი სტრესის დროს მიმართავს. ეს დაცვითი მექანიზმები უფრო ბავშვებშია გავრცელებული. მათ არ სჯერათ რომ გაუფუჭდათ საყვარელი სათამაშო, ისინი თავიანთი თავისთვის უშვებენ გამონაკლისს – არ სჯერათ რომ დედამისი მოკვდება. ბავშვთა სახლში ბავშვებს არ სჯერათ რომ დედამ მიატოვა და ყოველდღე ელოდებიან.

ზრდასრულებში ძირითადად დაბალი ინტელექტის ადამიანები იყენებენ ამ დაცვით მექანიზმს, თუმცა   არ არის გამორიცხული ამ მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანმაც მიმართოს შფოთვის თავიდან აცილების ამ ხერხს, ძლიერ სტრესულ სიტუაციებში.

სუბლიმაცია

სუბლიმაცია არის დაცვითი მექანიზმი რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ ადაპტაციის მიზნით თავისი იმპულსები გარდაქმნას სოციალურად მისაღებ ქმედებად. სუბლიმაცია განიხილება როგორც ჯანსაღი სტრატეგია ნეგატიური იმპულსების წინააღდეგ, რადგან ის ცვლის მიზანს ან იმპულსის ობიექტს და არ აკავებს მის გამოვლენას. იმპულსებიდან მიმავალი ენერგია წარიმართება სახეცვლილად, სოციუმისთვის მისაღები ფორმით. მაგ. თუ ახალგაზრდას შფოთს გვრის მიუღებელი აგრესიული და სექსუალური იმპულსები, მან ეს ენერგია შეიძლება მიმართოს სპორტის რომელიმე სახეობაში. ფროიდის მიხედვით სექსუალური და აგრესიული იმპულსების სუბლიმაციის პროდუქტია უამრავი ხელოვნების ნიმუში, იქნება ეს მხატვრობა, მუსიკა, მწერლობა, და ა.შ.

სუბლიმაციის პოზიტიური მაგალითები უხვად არის ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგ. ერთერთმა სტომატოლოგმა ქალმა აღნიშნა: როდესაც გაბრაზებული ვარ, სამფესვიანი კბილის დამუშავებაზე ვწყნარდები. ის თავის აგრესიულ, იმპულსურ ენერგიას აძლევდა დადებით მიმართულებას.

თუ ფროიდის მიხედვით განვიხილავთ ბეთჰოვენის მუსიკას – მან მთელი თავისი აგრესია, რომელიც გამოწვეული იყო სხვა ყოფით პრობლემებთან ერთად სმენის დაკარგვით, მიმართა მუსიკაში, და ამიტომაც არის მისი მუსიკა აგრესიით სავსე. მის მუსიკაში ვთქვათ “მთვარის სონატაში” იგრძნობა დაძაბულობა და შეკავებული აგრესია, მაგრამ იმდენად გენიალურად არის დაწერილი, რომ ატყვევებს, ამშვიდებს მსმენელს.

Tags: , , , , , , , , , , , , ,

Trackback from your site.

Comments (3)

  • samuraisxmali

    |

    ძალიან კარგი სტატიაა, საკმაოდ ბევრის მომცემი, მაგრამ ვფიქრობ ადრინდელი სტატიებისგან განსხვავებით, უფრო პროფესიული ენითაა ნაწერი, რაც ართულებს აღქმას და ჯობია მარტივი ენით იყოს ნაწერი.

    Reply

  • bakur tvrineli

    |

    fsiqologiurze vswavlob da vtvli dzalian saintereso statiaa da chemtvis arc ise gaugebari terminebit

    Reply

  • aniko

    |

    momewona:*

    Reply

Leave a comment

PageRank Push 2 Check
All Rights Reserved@2011-2012. შეცვალე შენი ცხოვრება Change.ge