გენოციდისა და ომის ფსიქოლოგია

Written by admin. Posted in ბლოგი, სტატია, ფსიქოკონსულტაცია

 


ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ ის გავარკვიეთ, რომ ადამიანს, როგორც სახეობას, გააჩნია გარკვეული მიდრეკილება, დაემორჩილოს ავტორიტეტს, მაგრამ ადამიანის ბუნების ამ დამახასიათებელი ნიშნის შეფასების გარდა, ალბათ, ახსნას საჭიროებს ისიც, თუ რატომ ხდება, რომ გარკვეულ დროს და გარკვეულ ადგილას ადამიანთა ერთი ჯგუფი იწყებს ადამიანთა მეორე ჯგუფის სისტემატურ განადგურებას _ გენოციდს. რატომ არის, რომ ძალზე ხშირად, ერთი ჯგუფი იწყებს ომს, ან ახორციელებს ნაკლებად ფორმალურ აგრესიას მეორე ჯგუფის მიმართ.  ჩვენ ქვემოთ გავაანალიზებთ ზოგიერთ ისტორიულ და ფსიქოლოგიურ ძალას, რომელმაც ადამიანის მოდგმა წაიყვანა უაღრესად ორგანიზებული აგრესიის გზით.

ფსიქოლოგმა ირვინ სტაუბმა შეისწავლა გენოციდის შემთხვევები ისტორიაში და შემოგვთავაზა იმ კულტურული და ფსიქოლოგიური ძალების მიმოხილვა, რომლებიც შესაძლებელს ხდიან ტერორს:

• საწყისი წერტილი ხშირად საზოგადოების წევრების მძიმე ცხოვრების პირობებში, ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში, პოლიტიკურ დაღმავლობასა და სხვა მსგავს ფაქტორებში უნდა ვეძებოთ.
• როგორც ჩანს, ამ მძიმე პირობებში, ადამიანებს უძლიერდებათ შიდა და გარე ჯგუფების გამიჯვნის ტენდენცია. ასეთ შემთხვევაში, გარე ჯგუფი გამოდის განტევების ვაცის როლში და ბრალი ედება საზოგადოების სირთულეებში. მრავალი მაგალითია იმისა, თუნდაც ნაცისტური გერმანია, სადაც სხვა ერების განტევების ვაცის როლში გამოყვანა წარმოადგენდა კულტურული თუ პოლიტიკური იდეოლოგიის ნაწილს, რომელსაც ერთნაირად იზიარებდნენ, როგორც ერის ლიდერები, ისე რიგითი მოქალაქეებიც.
• ვინაიდან ჯგუფი, რომელსაც ბრალად დაედო საზოგადოების სირთულეებში, გამოდის განტევების ვაცის როლში, ხდება მის მიმართ ძალადობის გამართლება. ძალადობის ცალკეულ ინციდენტებს მივყავართ მსოფლიო სამართლიანობაზე ფიქრამდე (Lerner, 1980) ანუ მოსაზრებებამდე იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ჩვენ სამართლიან სამყაროში ვცხოვრობთ, დაჩაგრულმა ხალხმა რაღაც უნდა მოიმოქმედოს, რომ ძალადობას თავი დააღწიოს. ასე მაგალითად, ნაცისტური ეპოქის გერმანელები მივიდნენ იმ მოსაზრებამდე, რომ ებრაელები იმსახურებდნენ თავის ხვედრს იმ ზიანის გამო, რაც მათ გერმანიის სახელმწიფოს მიაყენეს.
• ძალადობას, აგრეთვე, საფუძვლად ედება საკუთარი თავის გამართლების სურვილი – მისი შეჩერება ნიშნავს აღიარო, რომ მისი წამოწყება, თავისთავად, იყო მცდარი. მეტიც, როდესაც ესა თუ ის რეჟიმი ძალადობას მიმართავს, სხვათა დუმილი აღიქმება თანხმობად, რომ მისი ქმედებები სამართლიანია. ასეთ შემთხვევასთან გვქონდა საქმე იმ “ეთნიკური წმენდით” გამოწვეულ ხოცვა-ჟლეტისას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1991 წელს იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, როდესაც, მიუხედავად მასმედიაში ფართო გაშუქებისა, რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიო თანამეგობრობა არავითარ ზომებს არ იღებდა.

გაანვიხილოთ კამბოჯის მაგალითი (Hinton 1996). სიტუაცია შექმნა ცხოვრების მძიმე პირობებმა: XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს ქვეყანაში შეიქმნა მძიმე ეკონომიკური ვითარება, რასაც დაერთო დაბომბვები, რომლებსაც აშშ ვიეტნამის წინააღმდეგ ახორციელებდა და მის მეზობელ კამბოჯაზეც აისახებოდა. ახალმა რეჟიმმა დაიწყო განტევების ვაცის ძიება და ისინი იქცნენ კიდეც უკიდურესი ძალადობის სამიზნედ. კომუნისტებმა, რომლებმაც 1975 წელს დაიპყრეს დედაქალაქი პნომ პენი, იპოვეს იდეოლოგიური მტრები, რომელთა განადგურებაც აუცილებელი იყო, რათა აშენებულიყო ახალი საზოგადოება. ყოფილი სამხედრო და პოლიტიკური ლიდერები დააპატიმრეს და დახვრიტეს. შემდგომში, ნელ-ნელა გაფართოვდა “კლასობრივი მტრის” ცნება და მოიცვა მასწავლებლები, სტუდენტები, ჩინოვნიკები, პროფესიონალები, რომლებიც პოტენციურ მოღალატეებად გამოცხადდნენ. იმატა მკვლელობათა რიცხვმა, ვინაიდან ეს “ემსახურებოდა” იდეოლოგიის განმტკიცებას და მკაფიოდ განსაზღვრული მიზნის მიღწევას – ქვეყანა უნდა განთავისუფლდეს შინაური მტრებისგან. როგორც სხვა მრავალ შემთხვევაში, მსოფლიო თანამეგობრობა არც ამ საქმეში ჩარეულა.

წყარო:  ფილიპ ზიმბარდო, გერეგი; ,,ცხოვრება  და ფსიქოლოგია”   

 

Tags: , , , ,

Trackback from your site.

Leave a comment

PageRank Push 2 Check
All Rights Reserved@2011-2012. შეცვალე შენი ცხოვრება Change.ge