როცა მუზა გეწვევა და ვეღარ კარგავ…(ჰიპერგრაფია)

Written by admin. Posted in ბლოგი, ფსიქოკონსულტაცია

 

ცნობილია, რომ მის ოჯახში  ენდოგენური ფსიქოზის მიმართ არსებობდა  მემკვიდრეობითი მიდრეკილება, მისი ერთი ძმა დეპრესიით იტანჯებოდა, დამ 30 წელი ფსიქიატრიულში გაატარა, ხოლო მეორე ძმამ, ისევე როგორც მან,  სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ვარაუდობენ, რომ მას  ბიპოლარული აშლილობა ჰქონდა. ამ მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს ინფორმაცია  რამდენიმე დეპრესიული ეპიზოდის შესახებ, რომელსაც თან სდევდა მანიაკალური მდგომარეობები.  ამ დროს  ის უჩვეულო პროდუქტულობით გამოირჩევა და ქმნის „მზესუმზირებს“, „ვარსკვლავურ ღამეს რონის თავზე“, „კარტოფილის მჭამელებს“, „ხორბლის ველს კვიპაროსთან“ და ა.შ. გარდა ამისა, საუბრობენ აშკარა ფსიქოტური ეპიზოდების არსებობაზეც, სწორედ ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის დროს მოიჭრა ვან გოგმა ყური.  არსებობს მოსაზრებაც, რომ ის საფეთქლისმიერი ეპილეფსიით იტანჯებოდა. მოცემული დიაგნოზის დასმის დროს ეყრდნობიან ისეთ ნიშნებს, როგორიცაა ჰიპერგრაფია, მეტისმეტი რელიგიურობა, ჰიპოსექსუალური ქცევა,  აგრესიულობის პერიოდული გამოვლენა, აკვიატებები და აფექტური რეაქციების გამოხატვისკენ სწრაფვა.

1849 წლის 27 აგვისტოს „დანაშაულის და სასჯელის“, „იდიოტის“,  „ძმები კარამაზოვების“ ავტორი წერს საკუთარ ძმას წერილში: „როცა ნერვული შეტევა მაქვს, მე  მას  წერის პროცესისთვის ვიყენებ. ასეთ მდგომარეობაში   გაცილებით მეტს და გაცილებით უკეთ ვწერ“.    წერს   დოსტოევსკი და ეს ბუნებრივია, სხვანაირად მას არც შეუძლია.  ასე იქმნება  ის ნაწარმოებები, რომლებსაც სტეფან ცვაიგი შემდეგნაირად ახასიათებს: „შენს თვალწინ  იშლება ნამდვილი უსასრულობა, უკიდეგანო კოსმოსური სამყარო, უცხო რამ თანავარსკვლავედებით მოჭედილი და უცხო რამ საპლანეტთაშორისო ჰანგებით აღსავსე.“ გოეთეც ხომ აღნიშნავს : „მუდამ რომ დაუსრულებელი ხარ, ეგაა შენი სიდიადე“.

„ალისა საოცრებათა ქვეყანაში“  Lewis Carroll კალამს ეკუთვნის.  მისი ნაწარმოებები ლიტერატურული ნონსესის ჟანრს მიეკუთვნება. ის ხშირად მიმართავს  სიტყვების თამაშის ტექნიკას, ლოგიკასა და  უხვ ფანტაზიას საკუთარ ნაშრომებში. მთელი ცხოვრების განმავლობაში მან განსხვავებული ფორმატის 98 000  წერილი დაწერა. ეს წერილები დაწერილია უკუღმა, რებუსის მსგავსად, ან  სხვადასხვა  ისეთი  პატერნის  გამოყენებით, როგორიცაა ანაგრამები (ასოების გადასმა ისე, რომ ერთი სიტყვიდან სხვა სიტყვა მივიღოთ, მაგ., მხალი – ხმალი, თავი – თივა) პალინდრომები, ( სიტყვა, ფრაზა ან ლექსი, რომელიც წაღმა და უკუღმა ერთნაირად იკითხება. მაგ., ატამი ითესა, ასეთი იმატა (ხალხური)  გავრცელებული იყო აღმოსავლეთ სამყაროში, გვხვდება ძვ. ბერძნულ პოეზიაშიც. ძვ. ქართულში მას „წაღმა-უკუღმა წასაკითხავი ლექსი“ და „შუამბრუებული ლექსი“ ერქვა. თანამედროვე ქართულ პოეზიაში პალინდრომის ნიმუშია: აი, რა მზის სიზმარია;  აირევი, ივერია…), ლიპოგრამები (ნაშრომში კონკრეტული ასოს  ან ასოთა ჯგუფის გამოტოვება), სარკისებური წერა (ნაწერი, რომლის წაკითხვაც მხოლოდ სარკის საშუალებით არის შესაძლებელი. ლეონარდო და ვინჩი მიმართავდა ამ ტექნიკას, საიდუმლო ჩანაწერებისთვის) და ა.შ.

ინგლისურ ენოვანი ყველაზე დიდი დღიური,  17 მილიონი სიტყვისგან შედგება და მისი ავტორია  Arthur Crew Inman (1895-1963). 17 მილიონი სიტყვა აღწერს მის ცხოვრებას 1919 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, 1963 წლამდე. ნიშანდობლივია, რომ ის  კარჩაკეტილი და წარუმატებელი ამერიკელი პოეტი იყო.

ამ ოთხ ადამიანს აერთიანებს ისეთი ნევროლოგიური აშლილობა, როგორიცაა ჰიპერგრაფია – აკვიატებული მიდრეკილება გრძელი ტექსტების წერისადმი, ძირითადად მორალურ და ფილოსოფიურ თემებზე, ერთი და იგივე სიტყვების ან ფრაზების მრავალჯერადი გამოყენებით. რა იწვევს მას?

მიზეზები

აღსანიშნავია, რომ წერის პროცესზე ტვინის სხვადასხვა უბნებია პასუხისმგებელი.  მაგალითად, ხელის ფიზიკური მოძრაობა კონტროლირდება თავის ტვინის ქერქის მიერ, რომელიც ტვინის ზედა ფენას წარმოადგენს. მეორე მხრივ, წერის მოთხოვნილებაზე/დრაივზე სპეციალიზირებულია ლიმბური სისტემა – სტრუქტურა, რომელიც უფრო ღრმა ფენებშია ლოკალიზებული  და მართავს ემოციებს, აფილაციის ინსტიქტებს, შთაგონებადობას და საუბარია იმაზეც, რომ ის არეგულირებს ასევე ადამიანის ისეთ მნიშვნელოვან მოთხოვნილებას, როგორიცაა კომუნიკაციის მოთხოვნილება. სიტყვები და აზრების გაგებაზე პასუხისმგებელია საფეთქლის წილი, რომელიც ყურების უკანაა ლოკალიზებული და ლიმბურ სისტემასაც უკავშირდება. აზრების ორგანიზებასა და რედაქტირებაზე კი შუბლის წილია სპეციალიზირებული.

ცნობილია, რომ საფეთქლის წილის დაზიანება იწვევს საფეთქლისმიერ ეპილეფსიას. ჰიპერგრაფიის განვითარებაც ხშირად საფეთქლის წილის ტალღური აქტივობის ცვლილებას უკავშირდება.  ნიშანდობლივია, რომ  საფეთქლიმიერი ეპილეფსიით დაავადებულთა 8 %-ს აღენიშნება ჰიპერგრაფია.  ის ასევე უკავშირდება ბიპოლარულ აშლილობასაც. მანიისა და დეპრესიულ ეპიზოდებში შეიმჩნევა ჰიპერგრაფიის სიმპტომების გაძლიერება. გარდა ამისა, შიზოფრენიითა და ფრონტოტემპორალური დემენციით დაავადებულებიც შეიძლება განიცდიდნენ კომპულსიურ ლტოლვას  წერის მიმართ.

კრეატიულობის ზრდა?

მიუხედავად იმისა, რომ მედიცინის წარმომადგენელთა უმრავლესობა ჰიპერგრაფიას განიხილავს როგორც დაავადებას, ზოგიერთი მაინც თვლის რომ ჰიპერგრაფია კრეატიულობის გაზრდის შესანიშნავი საშუალებაა და ამ თვალსაზრისით შეგვიძლია ვისაუბროთ მის დადებით ეფექტზეც. თან მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ამ აშლილობის მქონე ადამიანები ხშირად უარს აცხადებენ მკურნალობაზე. ერთ-ერთი მათგანი აღნიშნავს: „რა თქმა უნდა, განცდა მაქვს რომ ეს დაავადებაა: მე, უბრალოდ, არ შემიძლია გაჩერება. მაგრამ ამვდროულად მეუფლება განცდა, რომ ეს არის ყველაზე საუკეთესო რამ, რაც კი  აქამდე შემთხვევია.

 სტატიის  ავტორი:  თამუნა ჩხაიძე

 

Tags:

Trackback from your site.

Leave a comment

PageRank Push 2 Check
All Rights Reserved@2011-2012. შეცვალე შენი ცხოვრება Change.ge