ნლპ – საბაზო პრესუპოზიცია

Written by admin. Posted in NLP, ბლოგი, სტატია

ცნობიერება და სხეული ერთიანი კიბერნეტიკული სისტემის ნაწილებია

“წარმოიდგინე, რომ ხელში შენი საყვარელი ხილი გიკავია. წარმოიდგინე, რომ გრძნობ მის წონასა და კანს. რა ფერისაა? წარმოთქვი მისი დასახელება. ახლა დახუჭე თვალი და წარმოიდგინე, რომ ამ ხილს ყნოსავ. რა შეგრძნებებს იწვევს მისი სურნელი? ახლა აზრობრივად გაჭერი იგი და ნელა მიიტანე პირთან. ჩაკბიჩე და მისი წვენი ენის ქვეშ დააგემოვნე.

თუ ახლა ნერწყვი არ გამოგეყო, ესე იგი, გძინავს… “(მაკ-დერმოტი, ო’კონორი).

ხილი წარმოსახვითი იყო, ხოლო ნერწყვი -რეალური. ცვლილებამ ცნობიერებაში გამოიწვია ცვლილებები სხეულში. იმიტომ, რომ ცნობიერება და სხეული ერთიანი კიბერნეტიკული სისტემის ნაწილებია.

ამას რა მნიშვნელობა აქვს? მაგალითად ის, რომ გარეგანი გამოვლინებებით შეგიძლია განსაზღვრო ადამიანის შინაგანი მდგომარეობა: რა გუნებაზეა, როგორი ხასიათი აქვს, რა დამოკიდებულება აქვს გარშემო მომდინარე მოვლენებისადმი. ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაში ამას კალიბრირება ჰქვია.

ზოგჯერ შეგიძლია თავისებური ფოკუსების დემონსტრირებაც: „სიცრუის დეტექტორი“, „დიახ-არა“, „მოსწონს-არ მოსწონს“ და ეთესეთერა (ამ ფოკუსებს ქვემოთ განვმარტავ. ნე ვსიო სრაზუ!); შეგიძლია განსაზღვრო მოსაუბრის ჩვეული აზროვნება – აზროვნებს ხატებებით, სმენით, შეგრძნებებით თუ სიტყვებით (ამაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წინა პოსტებში).

მდივანი მიმართავს შეფს:

-თქვენთან სტუმარია.

-რა საკითხზე?

-ამბობს, რომ თავისი ფულის დაბრუნება უნდა!

შეფი მეხსიერებაში კრედიტორებს ქექავს.

-და როგორ გამოიყურება ეს სტუმარი?

-ისე გამოიყურება, რომ უმჯობესია, ფული დაუბრუნოთ!

მაინც, რა ნიშნებით განისაზღვრება ეს? პოზითა და მიმიკით, კანის ფერით, მისი ტენიანობით, სუნთქვის რიტმით (ტიპით), თვალების მოძრაობით, მეტყველების ორგანიზაციის მეთოდით. კონკრეტული მაგალითი გნებავს?

ვთქვათ, გინდა იცოდე, ეთანხმება თუ არა მოსაუბრე შენს ნათქვამს. თავიდან უსვამ კითხვებს, რომლებზე პასუხიც უკვე იცი (მაგალითად, შეიძლება იცოდე, რამდენი წლისაა, დაოჯახებულია თუ არა, ჰენესი უფრო მოსწონს, თუ ვისკი, რა ჰქვია მის კატას, ან თვითონ, და ეთსეთერა…). ამასთან, კითხვებს სვამ ისე, რომ შეეძლოს ერთმნიშვნელოვნად უპასუხოს „კი“ ან „არა“ (ბაი ზე ვეი, ასეთ კითხვებს „დახურული კითხვები“ ეწოდება). პასუხის გაცემისას (გაიხსენე, რომ ამ კითხვებზე პასუხი უკვე იცი!) მოსაუბრე მოახდენს მრავალ უსიტყვო გარეგან რეაქციას, რომლებსაც ყურადღებიანი დამკვირვებელი უთუოდ შენიშნავს.

საქმე ისაა, რომ სანამ მოსაუბრე შენს კითხვას უპასუხებს, ამ კითხვაზე მან ჯერ საკუთარ თავს უნდა უპასუხოს. ჰოდა, სხეულისა და ცნობიერების მჭიდრო კავშირის წყალობით, იგი, ამავდროულად, შესაბამის შინაგან მდგომარეობაში აღმოჩნდება.

აბა გაიხსენე, რას ეთანხმები უდავოდ, აბსოულუტურად.

გაიხსენე?

თუ გაიხსენე, უკვე შეგიძლია წარმოდგინო, რას ნიშნავს თანხმობის მდგომარეობა. და რაღა თქმა უნდა, ამ შინაგან მდგომარეობას გარკვეული გარე გამოვლინებები ესატყვისება. სწორედ მათ ვამჩნევთ ჩვენ.

მოდი, დავუბრუნდეთ მოსაუბრეს. მაშ ასე, კითხვა დასვით. პასუხი (სიტყვიერიცა და უსიტყვოც) მივიღეთ. რომელიღაც გარე რეაქციები შევნიშნეთ, რომელიღაცაც – გამოგვეპარა. არა უშავს. ვსვამთ კიდევ რამდენიმე კითხვას. ვამჩნევთ მეტს. ამგვარად, თითქოსდა ორი ნუსხა მივიღეთ. მაგალითად, ასეთი:

თანხმობა: „დიახ“

*წინ გადმოიხარა;

*ხელის მტვენები მოუდუნდა;

*მხუბუქად დააქნია თავი;

*ტუჩის კუთხეები აეწია;

*სახე მოუდუნდა;

*ქუთუთოები ჩამოეწია.

უთანხმოება: „არა“

*ტანი უკან გადაწია;

*მტევნები მომუშტა;

*თავი, მხრები აამოძრავა (განზე);

*სახე დაეძაბა;

*სუნთქვა შეეკრა.

ამას ათვლის წერტილი ჰქვია.

ანუ იმისათვის, რომ ვიცოდეთ, გვეთანხმება თუ არა ადამიანი, უნდა ვიცოდეთ მისი „არა“ და „ჰო“-ს ნამდვილი გამოვლინებები. მაშინ, ხმაც რომ არ ამოიღოს, მაინც ნათელი იქნება, „კი“-ს ამბობს, თუ „არა“-ს.

ეს ძალიან მოსახერხებელია. რა თქმა უნდა, ნუსხები შეიძლება უფრო მოზრდილიც იყოს (ინდივიადუალური თავისებურებების გათვალისწინებით) და არსობრივად – სხვაგვარიც. ერთადერთ შეზღუდვას აქ წარმოადგენს შენი უნარი, შეამჩნიო, დაახარისხო და დაიმახსოვრო გარედან მომავალი ინფორმაცია.

ამ პრესუპოზიციის სულ უფრო ხშირი გამოყენებით, ეს უნარი გამუდმებით ვითარდება და სრულყოფას განიცდის. დროთა განმავლობაში კი ის შენს ერთგულ დამხმარედ იქცევა. რაც ძალიან სასარგებლოა.

იმიტომ, რომ თუ ამა თუ იმ ადამიანთან მიმართებაში ეს „ათვლის წერტილი“ უკვე გაქვს, ანდა შესაბამის ნუსხებს შექმნი, შეძლებ განსაზღვრო არა მარტო მისი დამოკიდებულება შენი თვალსაზრისისადმი, არამედ ისიც, ცრუპენტელობს თუ არა (და კიდევ სხვა რაღაც-რუღაცები)…

ახლა შეგახსენებ, რომ ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაში განზოგადებებს განიხილავენ არა მართებულობის ანდა ჭეშმარიტების, არამედ მათი სარგებლიანობის თვალსაზრისით. ზემომოყვანილი გარეგან გამოვლინებათა ნუსხები სარგებლიანია, რადგან იმ მეტ-ნაკლებად ტიპურ ნიშნების ავლენს, რომელთა მიხედვითაც მოსაუბრის მადგომარეობის განსაზღვრა შეიძლება.

ამავდროულად, არავითარ შემთხვევაში არ ვამტკიცებ, რომ ეს ნუსხა მართებულია ყველა შემთხვევაში.

რის გამო?

ჯერ ერთი, ჩვენ უკვე „გავიარეთ“, რომ „რუკა არ არის ტერიტორია“, ანუ მენიუს ვერ შეჭამ, რადგან ის სადილი არაა. ყოველი მორიგი მოსაუბრე თავისი რეაქციების ინდივიდუალური ნაკრების დემონსტრირებას მოახდენს (გარეგან გამოვლინებათა „ტერიტორია“), რაც ცხადია, ჩვენს ნუსხას (ანუ „რუკას“) ზედმიწევნით არ დაემთხვევა, ანუ მისგან რაღაცებით განსხვავებული იქნება.

მეორეც, ერთმა და იმავე ადამიანმა სხვადასხვა სიტუაციაში შესაძლოა სხვადასხვა „ტერიტორიის“ დემონსტრირება მოახდინოს. მაგალითად, თუ თვალები დაეღალა, შეიძლება, ჩვეულებრივზე უფრო ხშირად დაახამხამოს. მაშინ, მოცემულ ვითარებაში, ქუთუთოების მოძრაობა კრიტერიუმი ვერ იქნება. ამგვარი მაგალითი უამრავია.

დასკვნა №1: როდესაც კონკრეტული ადამიანის შინაგანი მდგომარეობის ზუსტი ცოდნაა საჭირო, სწორედ ამ ადამიანის კალიბრირება უნდა მოახდინო! მაშინ, შენ მიერ შექმნილი ინდივიდუალურ რეაქციათა რუკა გაცილებით უკეთ იმუშავებს, ვიდრე ნებისმიერი განზოგადებული ნუსხა (მაგალითად, ზემოთ მოყვანილი).

დასკვნა №2: კალიბრირების საიმედოობის განმტკიცება არსობრივად შესაძლებელია, თუ ყურადღებას გაამახვილებ გარეგან გამოვლენათა კომპლექსზე და არა ერთ რომელიმე ნიშანზე.

კიდევ რით გამოგვადგება ეს პრესუპოზიცია? რით და, თვითკონტროლის გამომუშავებით. არსებობს მოსაზრება, რომ საკუთარი ემოციების მართვა შეუძლებელია, რადგან ადამიანი ცოცხალი და თვითმყოფადი არსებაა და გარე ზეგავლენას არ ექვემდებარება.

რა თქმა უნდა, ცოცხალი არსებაა!

რასაკვირველია, თვითმყოფადია!

და სწორედ ამიტომ, შეუძლია თავად აირჩიოს რა და რის გამო განიცადოს!

ბაი ზე ვეი, ეს უკუკავშირის პრინციპითაც მუშაობს.

მაგალითად, გაიხსენე რომელიმე ძლიერი და თავდაჯერებული ადამიანი.

რა გახსენდება?

გამართულია, თავაწეული, მხრებში გაშლილი, თვალებში ეშმაკუნები ბუქნაობენ!

ახლა გაიხსენე ვინმე, ვინც რაიმე შიშსა და უიმედობას შეუპყრია. მხრებჩამოყრილი, თავჩაქინდრული, მზერაჩამქრალი, შებოჭილი…

გინდა, თავდაჯერებული იყო? მაშინ აირეკლე თავდაჯერებული ადამიანის პოზა და ჟესტები. ყურადღება მიაქციე მის მეტყველებას, სუნთქვას, სიარულის მანერას და გაიმეორე!

გამოგივა.

იმიტომ, რომ ცნობიერება და სხული ერთიანი კიბერნეტიკული სისტემის ნაწილებია!

Tags: , , , , , , , , , , , , , ,

Trackback from your site.

Leave a comment

PageRank Push 2 Check
All Rights Reserved@2011-2012. შეცვალე შენი ცხოვრება Change.ge