გუგა გრიგოლია – ყალბი ჰუმანიზმი როგორც საზოგადოების დაცვითი მექანიზმი

Written by admin. Posted in ბლოგი, თვითანალიზი, ფსიქოკონსულტაცია

ნორმა და ღირებულებაროგორც სოციალური ერთობის საფუძველი

მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო ისტორია სისხლისღვრის ისტორიაა, კაცობრიობის არსებობის მანძილზე ყველა საზოგადოება აცხადებდა და აცხადებს პრეტენზიას გარკვეული ღირებულებების ქონაზე, რომლებიც დროსთან ერთად მუდმივ ცვალებადობას განიცდის, ეს ცვალებადობა კი გამომდინარეობს სხვადასხვა პრაგმატული და თეორიული მიზეზებიდან.

როგორც ადლერი აღნიშნავს, სისუსტე, რომლის გამოც მოზრდილი ადამიანი იძულებულია ცხოვრობდეს საზოგადოებაში, ანალოგიურია იმ სისუსტისა, რის გამოც ბავშვი იზრდება ოჯახურ ჯგუფში. ამიტომ, ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიდრეკილება ყოველთვის იყო ჯგუფში გაერთიანებისკენ სწრაფვა. კოლექტიური თანაცხოვრება საჭიროებებმა წარმოშვა, იქიდან გამომდინარე, რომ შრომის გადანაწილებას გარკვეული სასარგებლო შედეგები მოაქვს. ის სახეობები, რომელთაც არსებობისთვის ბრძოლაში ცალ-ცალკე გადარჩენის უნარი არ გააჩნიათ, დამატებით ძალას იძენენ ცხოვრების ჯოგური ნირის წყალობით სოციუმი კოლექტიური ერთობაა, სადაც სხვადასხვა ინტელექტის, სხვადასხვა გამოცდილებისა და სხვადასხვა რწმენის მქონე ადამიანები ერთობლივ თანაცხოვრებას ეწევიან თუმცა საჭიროებენ “საერთო თამაშის წესებს” რათა მოხდეს მათი უფლებების და ინტერესების დაცვა, ურთიერთობები წარიმართოს წესრიგის ფარგლებში და ქაოსი იქნეს თავიდან აცილებული.

ასე რომ, საზოგადოების წევრობისათვის მის თითოეულ წევრს ევალება ინდივიდუალური თავისუფლების ფონზე სოციალური ნორმების მიღება თუ არა მათი შესრულება მაინც, სხვაგვარად, ხდება ინდივიდის ნებაყოფლობითი ან ძალისმიერი განცალკევება ერთობისგან. ასე რომ წარომიქმნება ბალანსის პრობლემა, როგორ შევაჯეროთ საზოგადოებრივი ინტერესები, რომლებიც უფრო მეტად მორალისტური ან იდეალისტურია და ალტრუიზმს მოითხოვს, კონკრეტული ინდივიდის ინტერესებთან, რომლის მთავარი მიზანიც უფრო ხშირად პირადი კეთილდღეობა, ეგოიზმი ან მაქსიმუმ საკუთარი ოჯახის ინტერესებია და ნაკლებად საზოგადო. (ალტრუიზმია სხვისადმი აღმოჩენილი დახმარება, რომლის უკან არა თუ პირადი გამორჩენა, არამედ დანაკარგიც კი შეიძლება იდგეს.)

სოციალურ ნორმებში იურიდიული წესების გარდა ხშირად იგულისხმება მორალური კანონებიც, რათა საზოგადოებას საერთო ზნეობრივ კონცეფციებთან ჰქონდეს იდენტობა. იქიდან გამომდინარე, რომ იურიდიული და ზნეობრივი მოხაზულობის ქონა საზოგადოების სიმტკიცეზე დადებითად მოქმედებს.

 ნორმისა და ღირებულებისმუშაობის მექანიზმი

საზოგადოების მორალური სახე შესაძლებელია სპონტანურადაც გამოიძერწოს, თუმცა უფრო ხშირად ამაზე ცალკეული იდეოლოგიური მანქანები: სახელმწიფო, საზოგადო მოღვაწეები (ეგრედწოდებული ერის მამები) ფილოსოფია, ან რელიგია გლობალურად მუშაობს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ ნორმებს ადამიანი აწესებს, რაც შეიძლება თვითკონტროლადაც მივიჩნიოთ არა ინდივიდუალურ არამედ ზოგად ასპექტში, როგორც საკუთარი სახეობის კონტროლი.

ურთიერთმიმართება კი ორმხრივია, ადამიანის მიერ ნორმის დაწესებას ის ფუნქცია აკისრია, რომ შემდეგ უკვე ნორმამ მოახდინოს ადამიანის ქცევის კონტროლი.

იურიდიული კანონები 2 გზით ზემოქმედებს ადამიანზე, პირველი – ესაა იძულება, მეორე კი ინდივიდუალური და შემდეგ უკვე საზოგადოებრივი შეგნების ჩამოყალიბება.

მაგრამ რა შეიძლება ვთქვათ მორალურ კანონზე, რა ფორმით ზემოქმედებს ის ადამიანზე? აქ ოდნავ განსხვავებული მექანიზმი გვაქვს, პირვეყოვლისა მორალური კანონი აყალიბებს ადამიანის მორალურ სისტემას – სუპერ-ეგოს, მისი უპირატესობა ისაა, რომ განსაკუთრებით ადრეულ ასაკში ბავშვის გამოძერწვას ახდენს ისე, რომ ხშირად უკვე ზრდასრულ ადამიანს უჭირს ან საერთოდ აღარ შესწევს უნარი იმისა, რომ ამ კანონების წინააღმდეგ წავიდეს. ამმხრივ შესაძლებელია მორალის ძალადობრივ ბუნებაზეც ვისაუბროთ, როგორც დაბრკოლებაზე, რასაც ერთმნიშვნელოვნად ვერც დადებითად შევაფასებთ და ვერც უარყოფითად.

ასევე აღსანიშნავია, რომ მორალური ღირებულების დარღვევა ხშირად, ფსიქიკურ სანქციას იწვევს – დანაშაულის განცდა საკუთარი სინდისის წინაშე, რაც ფსიქოლოგიურ დისკომფორტს წარმოადგენს და საკუთარ თავთან რეპუტაციის შელახვას გულისხმობს. ასევე არსებობს მეორე ასპექტი რომელიც საზოგადოების თვალში მორალური სახის შესანარჩუნებლად გვაიძულებს გარკვეული ეთიკური ღირებულებების შესრულებას.

ჰუმანიზმი, როგორც თანამედროვე სამყაროს ლოზუნგი და ორი სიტყვით მის შესახებ

თანამედროვე საზოგადოებებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება “ჰუმანიზმი” – ფილოსოფია, რომელიც როგროც იდეოლოგიური მოძრაობა აღორძინების ეპოქაში ჩამოყალიბდა (XV-XVI სს.) ის ცენტრში ადამიანს აყენებს, გამოხატავს ადამიანის ღირსებისა და უფლებებისადმი პატივისცემას, მისი როგორც პიროვნების ღირებულებას, ზრუნვას ადამიანთა კეთილდღეობისთვის, მათი ყოველხრივი განვითარებისთვის. ეს არის ძალიან ზოგადი მონახაზი ჰუმანიზმისა.

ჩვენ მოცემულ ანალიზში არ შევეხებით ჰუმანიზმის როგორც ფილოსოფიის კრიტიკას თუ შეფასებას, არც იმ საკითხს, თუ რამდენად შესაძლებელია ჰუმანისზმის, როგორც იდეის აბსულუტური ფორმით განხორციელება. მოცემულ ანალიზში უფრო მეტად იმაზე გავაკეთებთ აქცენტს, რომ ადამიანურ ეგზისტენციას, რომელშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს, ეგოიზმი, ძალიან უჭირს ჰუმანისტური იდეების პრაქტიკაში განხორციელება.

ჰუმანიზმიცხოვრების წესი თუ მომხიბვლელი ლოზუნგი

ნებისმიერი იდეის განხორციელება შედეგის სანაცვლოდ საფასურის გაღებას მოითხოვს. იმის ფონზე, რომ ადამიანს ხშირად ეგოისტური მიზნების განხორციელებისთვისაც კი არ ჰყოფნის ნება, მატერიალური, ფსიქიკური ან ინტელექტუალური რესურსი, გასაკვირი არ უნდა იყოს რომ ალტრუისტული იდეების განხორციელებისაგან კიდევ უფრო შორს დგას.

ალბათ ხმამაღალი და რადიკალური განცხადება იქნება რელიგიის არსი თავიდან ბოლომდე მორალის და კაცთმოყვარეობის ქადაგებაზე დავიყვანოთ, მაგრამ ფაქტია რომ ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან რელიგიების უდიდესი უმრავლესობა ალტრუიზმს ქადაგებს და ცდილობს ადამიანის ბუნების მოდიფიკაციას. (მოცემულ ანალიზში არ ვეხებით საკითხს, საერთო ჯამში დადებითი გავლენა მოახდინა რელიგიამ კაცობრიობაზე თუ არა)

ამ საქმეში ასე თუ ისე ჩართულია ოჯახი, ბაღი და სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი და სახელმწიფოც ყველანაირ ბერკეტს იყენებს ამისთვის. საბოლოო ჯამში ვიღებთ კომბინირებულ მუშაობას ადამიანების მხრიდან, რათა (ეფექტურად თუ არაეფექტურად) ერთობლივი ძალებით შეცვალონ, აღზარდონ, მორალური ჩარჩოები დაუწესონ და ალტრუისტული მიმართულება მისცენ საკუთარ სახეობას. ანუ ცნობიერების ამაღლების ხარჯზე მოახდინონ ბიოლოგიური მოთხოვნილებებისა და ზოგადად ცხოველური, მტაცებლური ბუნების შეზღუდვა.

თუმცა შედეგი არცთუ ისე სახარბიელოა, საზოგადოებამ ჰუმანისტური ღირებულებების ფორმა უფრო მეტად აიტაცა ვიდრე შინაარსი და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს თანამედროვე სამყაროში ყოველი მხრიდან გვესმის თანადგომის, თანასწორობის, ტოლერანტობის, ძალადობის დაგმობისა და ურთიერთგაგების ლოზუნგები, ეს ყველაფერი უფრო მეტად გარეგანი ლოზუნგის ფორმას ატარებს, რასაც გარკვეული მინიმალური შედეგები მოაქვს თუმცა პრაქტიკულ ჭრილში, საბოლოო ჯამში მაინც არაფრისმომცემი.

ამ ყველაფრის ფონზე ისმის კითხვა – ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, რომ საუკუნეების მანძილზე კომბინირებული მუშაობა მიმდინარეობს, გამოიღო თუ არა შედეგი ამ ყველაფერმა?

ამას კი ღრმა ანალიზი სჭირდება, პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის, რომ ამან პრევენციის საკითხში ითამაშა ძალიან დიდი როლი, ხშირად კი პრევენციის წვლილი დაუფასებელი რჩება იქიდან გამომდინარე, რომ აღკვეთილი, ჩაუდენელი დანაშაულების განსაზღვრა და აღრიცხვა, მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია. ხოლო რაც შეეხება ძალისხმევათა არაეფექტურობას, გასათვალისწინებელია თაობათა მუდმივი ცვლის საკითხი, ადამიანის ცნობიერების გარდაქმნის ნებისმიერი მეთოდის არასრულყოფილება, ასევე ის, რომ ადამიანის ფსიქიკის სრული კონტროლი, დღესდღეისობით უტოპიური იდეაა და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში კი ამ თემაზე შეიძლება ითქვას ის, რომ არათუ ადამიანის ბუნების, არამედ მისი ქცევის შეცვლაც კი საკმაოდ რთულია. ქცევის ცვლილება ხშირად მხოლოდ გარეგანი ფაქტორია, ადამიანი ხშირად ცდილობს მექანიკური და ამავდროულად არასრული ქმედებები საკუთარ თავს და გარშემომყოფებს კეთილშობილურ საქმეებად შეატყუოს, რაზეც ბოლო თავში გვექნება საუბარი.

 რეციპროკული ალტრუიზმი

როგორც ადლერი ამბობდა, კარგად დაბალანსებული საზოგადოება დახმარების გარეშე არ დატოვებს იმ წევრებს, რომლებიც მხარდაჭერას საჭიროებენ. სოციალური პროგრსესის ისტორია ესაა იმის ისტორია, თუ როგორ თანამშრომლობდა ადამიანი სხვა ადამიანებთან, რათა დაეძლია გაჭირვება და ნაკლოვანებები. მაგრამ როგორი იყო პირველყოფილი საზოგადოება და რით განსხვავდებოდა ის თანამედროვე საზოგადოებისგან? ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახლდათ ის, რომ მათი თანამშომლობა გარდაუვალი იყო, ისინი იძულებულები იყვნენ ალტრუიზმის “გაცვლა გამოცვლა” ეწარმოებინათ, ანუ ფაქტიურად ევაჭრათ მისით ამ ტიპის ალტუიზმს “რეციპროკული ალტრუიზმი ეწოდება” და მოდით ვნახოთ რას გვეუბნება სოციალური ფსიქოლოგია ამ ფენომენზე – “როდესაც ცოცხალი არსება ეხმარება მეორეს და მოელის, რომ თვითონაც ასეთსავე დახმარებას მიიღებს, ამას “რეციპროკული” ანუ “ორმხრივი ალტრუიზმი ეწოდება”, რეციპროკული ალტუიზმი მეტწილად გვხვდება გონიერ უმაღლეს ცხოველებთან, რომლებსაც აქვთ ერთმანეთის ცნობის და დამახსოვრების უნარი”. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მაიმუნი, რომელიც მეორე მაიმუნს ბალნიდან პარაზიტებს აცლის, რათა შემდეგ უკვე მისგან მიიღოს იგივე დახმარება.

თანამედროვე ადამიანს სარგებლის მისაღებად ნაკლებად სჭირდება დიფერენციალური კოლექტიური აქტივობების შესრულება, როგორიც იყო ნადავლის ჯგუფური მოპოვება, ნადირისგან ჯგუფური თავდაცვა და ა.შ. მისთვის ფინანსური კეთილდღეობა თითქმის ყველა მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებაა. შესაბამისად პირადი მატერიალური სიძლიერის ფონზე მეტი საფუძველი გააჩნია თავი შედარებით დამოუკიდებლად იგრძნოს და იმაზე მეტად ამოერთოს რეციპროკული ალტრუიზმის ჯაჭვიდან ვიდრე ეს პირველყოფილ ადამიანს შეეძლო. შესაბამისად ის თავისუფლდება “იძულებითი” თანადგომისგან, უფრო ეფექტურად ისწრაფვის ეგოისტური მიზნებისკენ და ალტრუიზმი მისთვის უფრო მეტად ხდება თავისუფალი არჩევანის საკითხი ვიდრე გარდაუვალი ვალდებულებისა.

სოციალური სიზარმაცე და მისი კომპონენტები

საზოგადოება არაერთგვაროვანია სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ ჭრილში. რას იმას ნიშნავს რომ მატერიალურად უზრუნველყოფილი და მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანების გვერდით ცხოვრობენ გაჭირვებული ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სრულიად უპერსპექტივო და გარიყულ კონტიგენტს წარმოადგენენ.

ამ მოცემულობის ფონზე შევეცდებით დავადგინოთ მიზეზები თუ რა ფორმით არიდებს შეძლებული ფენა მათთვის დახმარების გაწევას ანუ რა მექანიზმით მოქმედებს ეგოიზმი და გამოვლინებებია მასთან მჭირდო კავშირში.

თანასწორობის ანუ სამართლიანობის პრინციპი.” - ეს მოვლენა დაკავშირებულია ჯგუფის წევრების ძალისხმევის განაწილების პროპორციასთან. როცა ადამიანი მიიჩნევს, რომ საზოგადოების სხვა წევრები მასზე ნაკლებ ძალისხმევას ახორციელებენ ეს მისი მხრიდან ძალისხმევის გამოვლინებაზეც უარყოფითად აისახება.

სოციალური სიზარმაცის ამხსნელი მეორე თეორია რომელსაც სოციალური ფსიქოლოგია გვთავაზობს, არის პასუხისმგებლობის დიფუზია.  ჯგუფის სიდიდის ზრდასთან ერთად პასუხისმგებლობა იფანტება ადამიანთა დიდ რაოდენობას შორის და თითოეული ადამიანი ნაკლებად გრძნობს დახმარების პირად პასუხისმგებლობას. ამ ფენომენს პასუხისმგებლობის დიფუზია ეწოდება და ის ჩაურევლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. პასუხისმგებლობის დიფუზია ყველაზე დიდია, ხოლო დახმარება ნაკლებად მოსალოდნელი მაშინ, როდესაც თვითმხილველები ერთმანეთს არ იცნობენ და როდესაც დახმარების “საფასური” საკმაოდ მაღალია.

პასუხისმგებლობის დიფუზიის თავიდან ასაცილებლად კი საჭიროა პასუხისმგებლობის ინდივიდში აღძვრა და ერთეული პიროვნების ცნობიერების ამაღლება, რადგან მორალური და ინტელექტუალური საზოგადოება უნდა იყოს ინდივიდების ერთობა და არა მასა, რომელსაც “მეს” განცდა არ აქვს, ანალიტიკური აზროვნება არ გააჩნია და ჯოგურ ცნობიერებას ატარებს.

 მინიმაქსის სტრატეგია

ყოველდღიური დახმარების სიტუაციებში ადამიანები ძირითადად იყენებენ მინიმაქსის სტრატეგიას ეს სტრატეგია გულისხმობს წაგების მინიმუზაციას და მოგების მაქსიმიზაციას. დახმარების გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანი აანალიზებს 4 ფაქტორს: დახმარებისთვის გაღებულ საფასურს და ჯილდოს, აგრეთვე წაგებას და მოგებას არდახმარებისთვის თუ დახმარების საფასური დაბალია, არდახმარების კი მაღალი, ადამიანი ახორციელებს დახმარების ქცევას.

თუ არდახმარების საფასური დაბალია და დახმარების მაღალი, ადამიანი ყველაზე ნაკლებად მიმართავს დახმარების ქცევას და ძირითადად მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა დახმარების და არდახმარების საფასური ორივე მაღალია? ამ შემთხვევაში ადამიანი სერიოზული არჩევანის წინაშე დგება, ის ხშირად ცდილობს სიტუაციიდან თავის დაძვრენას, ცდილობს არდახმარებას გამართლება მოუძებნოს, დაადანაშაულოს მსხვერპლი, დააკნინოს პრობლემის სიმძიმე და ასე შემდეგ. როგორც ხედავთ საქმეში ერთვება არაცნობიერი და ცდილობს პიროვნების უმტკივნეულო დახსნას პრობლემისგან დაცვითი მექანიზმების წყალობით.

 ყალბი ჰუმანიზმი როგორც საზოგადოების დაცვითი მექანიზმი

სანამ საკითხს განვავრცობდეთ აუცილებელია იმის თქმა, რომ საკითხს არ განვიხილავთ “მორალური ჭეშმარიტების” გადასახედიდან, შესაბამისად არ ვაკეთებთ დასკვნებს იმის შესახებ თუ რა არის “ცუდი” ან “კარგი” არამედ ვცდილობთ გარკვეული კანონზომიერებების აღწერას და მათ ანალიზს.

დაცვითი მექანიზმები ზიგმუნდ ფროიდმა აღმოაჩინა და გამოააშკარავა თუ რა მექანიზმებით ცდილობს ადამიანი რეალობის უარყოფას და დამახინჯებას.

უნდა ვიცოდეთ, რომ დაცვითი მექანიზმები ზუსტად ისევე მუშაობს საზოგადოებაში, როგორც ინდივიდში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ არსებობს საზოგადოებრივი მოცემულობა, რომელიც თანაგრძნობის, კაცთმოყვარეობის და ალტრუიზმის დეფიციტზე მიუთითებს და არის მეორე ძალიან ყურადსაღები დეტალი, კერძოდ ის, რომ ადამიანს აქვს მიდრეკილება საკუთარი თავისა და გარშემომყოფების თვალში ჰუმანურ და სოლიდარულ პიროვნებად მოიაზრებოდეს. თავი ღირსეულ, კეთილ და მორალურ ადამიანად იგრძნოს, განსაკუთრებით მას შემდეგ,    რაც “გაძღება” და პირველად მოთხოვნილებებს დაიკმაყოფილებს (იხ. “მასლიუს პირამიდა”). თუმცა ამისთვის  მსხვერპლის გაღება არ სურს, მას ენანება დრო, ენერგია, ფული, ძალისხმევა.

განწყობის ფსიქოლოგია ენაზე რომ ვთქვათ – „მას ეუფლება განწყობა, რომელიც ქცევაში პირდაპირ არ რეალიზდება – „ადამიანი აქტუალურ განწყობას არ ემორჩილება, მის საფუძველზე მაშინვე არ ახორციელებს მოქმედებას. ამ განწყობის შესატყვისი ქცევის სურათი ეძლევა ცნობიერებაში. რაც ამ ,,ქცევის განწყობას წარმოადგენს“. განწყობაში ნაგულისხმევი ქცევის გაცნობიერების საფუძველზე სუბიექტი აცნობიერებს შესაძლო ქცევის ღირებულებას.“ –(ციტირებულია წყაროში – შ.ნადირაშვილი – „განწყობის ანთროპული თეორია“)
- სწორედ გონებრივი გადამუშავების შედეგად, მორალური დისბალანსის ჩასახშობად ადამიანი ახორციელებს რეალური ქცევის სუროგატს, რომელიც იმდენად ფასადურია, რომ მისგან არანაირი მსხვერპლის გაღებას არ მოითხოვს.

კამიუ წერს „სარჩული და პირში”, – „საკუთარი ძალისხმევის წყალობით , შეგიძლია მოიქცე ზნეობის მიხედვით, მაგრამ ზნეობივი ვერ გახდები”. ამ ფრაზით ნათლად წარმოაჩენს, რომ ალტრუისტული ქცევის განხორციელება, როგორც გარეგნული გამოვლინება არაა გარანტორი იმისა, რომ ამ ქცევის განმხორციელებელი მართლაც დადებითი ან გულისხმიერი პიროვნებაა. თუმცა უმეტეს შემთხვევებში საქმე ქცევამდეც კი არ მიდის და სახეზე გვაქვს საზოგადოების მხრიდან განხორციელებული მთელი რიგი ალტრუისტული ქცევის “სუროგატები,” ატრუისტული იერსახის გამოვლინებები, რომლებიც რეალურად უშინაარსოა და არანაირ რეალურ ფუნქციას არ ატარებს იქიდან გამომდინარე, რომ ისინი სინამდვილეში დაცვითი მექანიზმებია.

როგორც ჯეკ ლონდონი ამბობდა “ძაღლისთვის მიგდებული ძვალი არ არის მოწყალება. მოწყალებაა, როცა ძაღლს გაუყოფ ძვალს, როცა ძაღლივით მშიერი ხარ.”

ალტრუიზმმა ან კომფორტის ზონიდან უნდა გამოიყვანოს ადამიანი და ეს იყოს მისი მსხვერპლი ან მისი მსოფლმხედველობა უნდა იყოს ისეთი, რომ ალტრუისტული ქცევა კომფორტის ზონიდან გასვლას არ განაპირობებდეს, ანუ ეს იყოს მისი შინაგანი მოთხოვნილება. როგორც უკვე აღვნიშნეთ ადამიანს არც ერთი სურს, არც მეორე, შესაბამისად ჩნდება “კონფლიქტი” და სწორედ ეს იწვევს დაცვითი მექანიზმების შექმნისა და გამოყენების საჭიროებას.

ახლა კი შევეხოთ უშუალოდ დაცვით მექანიზმებს და მათი მუშაობის სპეციფიკას:

განდევნა გულისხმობს შემაწუხებელი აზრებისა და იმპულსების გატანას ცნობიერების ფარგლებს გარეთ. საზოგადოებაში ეს მექანიზმი ძალიან აქტიურად მუშაობს და ვლინდება იმაში, რომ ის მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი რეპუტაციისთვის საფრთხის შემცველი, საკმაოდ ცხადი ფაქტები მიჩქმალოს და ყურადღების არეალის მიღმა დატოვოს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

პროექცია გულისხმობს პროცესს, როდესაც ინდივიდი თავის არასასურველ აზრებს, სურვილებსა თუ ქცევებს სხვას მიაწერს. ამ ფენომენის დანახვა საზოგადოებრიც ჭრილში ძალიან მარტივია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანები პრობლემებზე და საზოგადოების ნაკლოვანებებზე ხშირად საკმაოდ კრიტიკულად საუბრობენ, თუმცა ვერ აცნობიერებენ, რომ თავად არიან ამ ნაკლოვანებების მატარებლები.

ჩანაცვლება არის იდის იმპულსის მიმართვა უფრო მისაწვდომ ან ნაკლებ სახიფათო ობიექტზე ან ქცევაზე. ამ დაცვითი მექანიზმის საზოგადოებრივი გამოვლინება საკმაოდ ვრცლად განვიხილეთ, როცა ხაზი გავუსვით საზოგადოების მხრიდან მოწყობილ უშინაარსო, პროექტებს, ცერემონიალებს, “მასკარადებს” რომელშიც ჩათრეულია ხშირად ყველა ფენა, მითუმეტეს რომ ხდება მსგავსი ქცევების “დადებითი განმტკიცება”. ეს სამარცხვინო ფენომენი გარკვეულწილად სოციალური დასწავლის შედეგიცაა იქიდან გამომდინარე, რომ ამ სამარცხვინო საქმეში ხშირად მაგალითის საუკეთესო მომცემი, ესა თუ ის ხელისუფლებაა, სხვადასხვა პრაგმატული მიზეზებიდან გამომდინარე.

რეგრესია ფსიქიკური ცხოვრების, უფრო ადრეული, უსაფრთხო და სასიამოვნო ფორმებისკენ მიბრუნებაა. საზოგადოების ქცევის ნებისმიერი ფორმა, რომელსაც დაცვითი მექანიზმების კონტექსტში განვიხილავთ სწორედ რეგრესიის გამოვლინებაა, როგორც ინფანტილური ხედვის ხარჯზე პრობლემის არიდების კუსტარული მცდელობა.

რაციონალიზაცია არის წარუმატებელი ან მიუღებელი ქცევის გამართლება მოგონილი მოსაზრებებით ან მისი სოციალურად მისაღები ინტერპრეტაცია. საზოგადოებრივ ჭრილში ეს თავს იჩენს მაშინ, როდესაც ადამიანები ცდილობენ საკუთარი უმოქმედობის მიზეზების პოვნას სხვადასხვა არგუმენტებით, მაგალითად იმ თეორიით, რომ თითქოს მათხოვრების აბსულუტური უმრავლესობა მათზე მდიდარია და ა.შ

სუბლიმაციის დროს ხდება გარკვეული ენერგიის გარდაქმნა და სხვა ფორმით რეალიზება. გარკვეული შემაშფოთებელი მოვლენისგან გამოწვეული შეძრწუნება, რომელზეც სუპერ-ეგო რეაგირების საჭიროების სიგნალს იძლევა, მაგრამ საბოლოო ჯამში იდი მას თრგუნავს, ხშრიად რეალიზდება კომიკურ ფორმებში, მაგალითად ადამიანები, რომლებიც ღრმა წუხილს გამოხატავენ სირიაში დახოცილი ქრისტიანების ბედის გამო, თუმცა ამის ფონზე რეალურ დახმარებას არ ან ვერ წევენ საკუთარ შეშფოთებას სოციალურ ქსელებში საპროტესტო ავატარების დაყენებით გამოხატავენ და ამით აღწევენ ემოციისგან განმუხტვას.

უარყოფა არის სახიფათო ან ტრავმული რეალობის აღიარებაზე უარის თქმა, მისი უგულებელყოფა. (ეგრედწოდებული სირაქლემის პოზა) ის შეგვიძლია მივიჩნიოთ ყველაზე ვულგარულ და თავხედურ დაცვით მექანიზმად, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, იმას რომ ადამიანები მას ნაკლებად იყენებენ, სამოქალაქო საზოგადოებაში, ბიზნეს წრეებში, მთავრობებში (რაც ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათთვის) თუ რელიგიურ ორგანიზაციებში.

ასევე არ შეიძლება, როდესაც დაცვით მექანიზმებზე ვსაუბრობთ არ შევეხოთ ლოცვის კონცეფციის ისეთ უცნაურ გაგებას, როდესაც ადამიანები, მთელს ემოციურ განმუხტვას ჰპოვებენ ღმერთისთვის პრობლემის გადაჭრის თხოვნაში, ამ გზით ახდენენ სინდისის დამშვიდებას და გასაჭირში მყოფი ადამიანისადმი პასუხისმგებლობის მოხსნას მაშინ, როცა ლოცვასთან ერთად პრაქტიკული დახმარების გაწევის საშუალება გააჩნიათ და ხშირად ამას არ აკეთებენ. ალბათ სწორედ ამ ფენომენით აიხსნება ის ფაქტი, რომ ჩვენთვის კარგად ნაცნობ არაერთ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 90% ზე მეტი თავს რელიგიურ ადამიანად მიიჩნევს, ვხვდებით აბორტების კატასტროფულად მაღალ მაჩვენებელს, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის უკიდურესად ხშირ შემთხვევებსა და მკვლელობათა საკმაოდ მრავალ და კრეატიულ ფორმებს.

დასკვნის სახით თამამად შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობის განვითარების განვლილ და მოცემულ ეტაპზე, ადამიანი ნაკლებადაა მზად არათუ თანადგომისთვის, არამედ თანაგრძნობისთვის, არათუ სხვისი პრობლემის გააზრებისთვის, არამედ საკუთარი პრობლემის დანახვისთვისაც კი.

ადამიანი ვერ იღებს მასზე ქვემდგომ, დაჩაგრულ, გაჭირვებულ, ნაკლოვან ან უბრალოდ განსხვავებულ ადამიანს თანასწორად.

მეოცე საუკუნის მოაზროვნემ ჟან პოლ სარტრმა ასეთი კონცეფცია წამოჭრა – „ჯოჯოხეთი – ეს სხვებია” და მართლაც საზოგადოება ძალიან ხშირად წარმოადგენს ჯოჯოხეთს არათუ სხვებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც კი, თუმცა თავდაუზოგავად ცდილობს ამ რეალობის მიჩქმალვას.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა :

მ. ბალიაშვილი – “სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები”
ი. იმედაძე – “ფსიქოლოგიის ისტორია”
ი. იმედაძე – “ფსიქოლოგიის საფუძვლები”
შ.ნადირაშვილი – „განწყობის ანთროპული თეორია“
J. London – “The Road”
ა. კამიუ – “სარჩული და პირი”

 ავტორი: გუგა გრიგოლია, ფსიქოლოგი, ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრანტი.

Tags: , , , , , , ,

Trackback from your site.

Leave a comment

PageRank Push 2 Check
All Rights Reserved@2011-2012. შეცვალე შენი ცხოვრება Change.ge